Translate

Translate

Tuesday, May 1, 2012

დავით დადიანის სასახლე





სამეგრელოს ბოლო მმართველის დავით დადიანის სასახლის ზოგიერთი ნანგრევი დღესაც არსებობს. ეს სასახლე მისი ოფიციალური რეზიდენცია იყო. სასახლის ნანგრევები ზუგდიდის სარეზიდენციო კომპლექსში, ბოტანიკური ბაღის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს. ამ სასახლის მშენებლობა 1837 წლის ბოლოს ან 1938 წლის დასაწყისში დასრულდა. ეს ორსართულიანი სასახლე 28 ოთახისაგან შედგებოდა. მისი შუა ნაწილი ქვისგან იყო აშენებული, ხოლო წაბლის ხისგან ნაგები დამატებითი ოთახები მოგვიანებით მიაშენეს.

სასახლე თურქების გენერლის, ომარ ფაშას ჯარმა 1855 წელს დაიკავა და მასში სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო. მეგრელების მიერ ზუგდიდის განთავისუფლების შემდეგ უკან დახევისას, თურქებმა შენობა მთლიანად გადაწვეს. მოგვიანებით სასახლე აღდგენილ იქნა და რეგიონში რუსეთის იმპერიის მიერ დასმულ გუბერნატორს გადაეცა. ამის შემდეგ, სულ მალე, სასახლეს კიდევ ერთხელ წაეკიდა ცეცხლი და იგი მთლიანად განადგურდა. მეორედ იგი არ აღუდგენიათ; აღდგენის ნაცვლად გადარჩენილი ქვის კედლები დაშალეს და მასალა ნიკო დადიანის სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს.

მფლობელობა საქართველოს საზღვრებსგარეთ


ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, ლევან დადიანის მეფობის დროს, ოჯახი საკუთრებას რუსეთში ფლობდა, ხოლო ნიკო დადიანი, რომლის ტახტიდან გადადგომითაც დადიანების მეფობა ოფიციალურად დასრულდა, მთელს კავკასიაში განთქმული იყო, როგორც დიდძალი უძრავი ქონების პატრონი და მის მფლობელობაში სევასტოპოლსა და როსტოვში შეძენილი უძრავი ქონებაც შედიოდა.XIX საუკუნის მეორე ნახევარში, დადიანებს მოსკოვშიც, ლიუბლიანკას მოედანზე ეკუთვნოდათ სახლი, მაგრამ იგი საბჭოთა დროს დაანგრიეს და მის ადგილას სამთავრობო დაწესებულება ააშენეს, რომელშიც დღეისათვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს. ნიკოს ძმას, ანდრია დადიანს (1850-1910) სახლი უკრაინაში, კიევში ჰქონდა;
დადიანების ზოგიერთი სასახლე და სხვა ტიპის ნაგებობები საქართველოს საზღვრებს გარეთ, უმეტესად რუსეთში, მდებარეობდა და ასევე გვიქმნის წარმოდგენას ამ ოჯახის სიმდიდრესა და ძლიერებაზე.ეს ვიდეო კი ხელის გულზე გვიშლის დადიანების სასახლის სიმდიდრეს და ფუფუნებას.


დადიანების დინასტია ძალიან მდიდარი იყო და არა-ერთი მამული , სასახლე ,დინასტია და ნაგებობა ჰქონდათ . ერთერთი გამორჩეული სასახლე იყო ’’გორდის სასახლე ’’ . დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, გორდის სასახლე,  არქიტექტურულ საგანძურს წარმოადგენდა. ბოლშევიკური რევოლუციის დროს, როდესაც გორდის სასახლეში წითელი არმიის შენაერთები იყვნენ დაბანაკებულნი, სასახლეში დაცული იარაღი, ავეჯი და ჭურჭელი მთლიანად გაიძარცვა. მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წახალისებით სასახლის ძარცვა თავად სოფლის მოსახლეობამ გააგრძელა და ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ღირებულებას წარმოადგენდა – კარები, ფანჯრები, ორნამენტებით შემკული ხის სვეტები, – პირწმინდად გაიზიდა. დღეისათვის სასახლისგან უსახურავო კარკასიღა შემორჩა.



კიდევ ერთ არქიტექტურულ ნიშანსვეტს სალხინოს სასახლე წარმოადგენდა, რომელსაც ქვევრის სასახლესაც ეძახდნენ , ქვედა სართულის დიდ დარბაზში იყო ჩაშენებული ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბაკქუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი.გორდის სასახლის მსგავსად, სალხინოს სასახლე, საბჭოთა რეჟიმის დროს გაიძარცვა და განადგურდა და თანაც ეს სოციალური თანასწორობის სახელით კეთდებოდა; შედეგად, სასახლისაგან მხოლოდ გამოშიგნული ნაჭუჭიღა დარჩა.


სხვა ღირსშესანიშნავი ნაგებობები
დადიანების მიერ აგებულ სხვა ღირსშესანიშნავ სასახლეებს შორის კურზუს (ლამაზი, ერთსარულიანი ნაგებობა, რომელიც ქართული ანბანის „ე“ ასოს ფორმით იყო აგებული), ჭაქვინჯის (ციხე-სიმაგრის მსგავსი შენობა), რუხისა (აგრეთვე ციხე-სიმაგრის სტილში) და ნოღას (უნიკალური წრიული ფორმის მქონე) სასახლეები გამოირჩევა. კურზუსა და ნოღას სასახლეები აღარ არსებობს, თუმცა ჭაქვინჯი, სადაც დავით დადიანი დაიბადა, ახლაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. რუხის სასახლე, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში, აფხაზეთში მდებარეობს, დღემდეა შემორჩენილი, თუმცა მისი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.



კელასურის კედელი








აღნიშვნის ღირსია კელასურის კედელი, რომელიც XVII საუკუნეში აფხაზი ფეოდალების შემოტევების მოგერიების მიზნით ლევან დადიანის მიერ იქნა აშენებული. იგი რამდენიმე კოშკისა და ციხე-სიმაგრისაგან შედგებოდა, 60–ზე მეტ კილომეტრზე იყო გადაჭიმული და რუხის ციხესთან მთავრდებოდა. კედლის უმეტესი ნაწილი დღევანდელ აფხაზეთში მდებარეობს, მაგრამ ადრე ეს ტერიტორია სამეგრელოს ეკუთვნოდა.